თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა — რას წერს ყოფილი მაღალჩინოსანი

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალმა მის ტანსაცმელში წერილი აღმოაჩინა, რომლის შინაარსსაც გამოცემა „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.
წერილში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უსვამს ხაზს. რიჟვაძე წერს, რომ მას არაერთხელ დასდეს ბრალი კორუფციასა და „ბარიგების“ მფარველობაში, რასაც იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ყოფილი მაღალჩინოსანი წერილში მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს, თხოვნით, დაიცვან მისი ოჯახი.
თორნიკე რიჟვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ყველა ყოფილი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და მოქმედებდა მხოლოდ მისი დავალებით. იგი მადლიერებით იხსენებს ალექსანდრე ახვლედიანს, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა, და მას პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიებს.
ამ ეტაპზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.