თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის 21 წლის პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.
დაკავებული სამართალდამცველებმა გადაადგილებისას, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რის შემდეგაც ჩატარდა შესაბამისი პროცედურები და ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 10 ვაზნა და მჭიდი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.