თბილისში, პოლიციამ მრავალჯერ ნასამართლევი პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული, მრავალჯერ ნასამართლევი შ.ჭ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა უკანონოდ, ქურდობის მიზნით, შეეღწია სხვის საცხოვრებელ სახლში, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა შ.ჭ. მალევე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ იგი წარსულში სამი სხვადასხვა სახლის ქურდობის ფაქტზეც არის მხილებული.
მიმდინარე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.