თბილისში ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, 25 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას შეეცადა.
სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.