თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია NASA-ს ჰაკათონის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა და ლეპტოპებით დააჯილდოვა

რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრაზე იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც უნივერსიტეტი ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს. მისი თქმით, უნივერსიტეტისთვის ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „თსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის – CERN-ის მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში და ჩაერთონ სხვადასხვა ექსპერიმენტში. გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთმა სტუდენტმა უკვე მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენი გუნდიც სწორედ ამ წარმატებული ახალგაზრდების რიცხვს მიეკუთვნება“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

სტუდენტებთან შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა ესწრებოდნენ

💬 თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას თქმით, „ნებისმიერ აქტივობას, რაც უკავშირდება სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე, ფაკულტეტი მხარს უჭერს. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დაფინანსებით 6 სტუდენტი სულ მალე გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრში გაემგზავრება. ასევე, 2 სტუდენტი ტაილანდში აზიის სამეცნიერო ბანაკის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. გვყავს უამრავი წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი, რაც იმის დასტურია, რომ თუ შრომობ და ხარ შენი საქმის ერთგული, ეს აუცილებლად დაფასდება,“ – აღნიშნა პეტრე ბაბილუამ.

ლეპტოპები საჩუქრად გადაეცათ NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024-ის გამარჯვებული თსუ-ის გუნდის “ასტერისკის” (ლათ. „პატარა ვარსკვლავი“) წევრებს – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტებს: მარიამ ასლამაზიშვილს, ლუკა კეზუას, სალომე ძიგუას და სესილი ბერიშვილს (ხელმძღვანელი – თსუ ასოცირებული პროფესორი ოლეგ ხარშილაძე).

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading