თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ჰერმეტულად დალუქულ ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1 კილო და 300 გრამი „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.