თბილისის მშრალი პორტი − რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო, საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში, – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის მშრალი პორტი არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბისა და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს.

„თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სამ ფაზად შენდება; უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება. დარჩენილი ფაზების დასრულებისას პორტის სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება. მშრალი პორტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის. მშრალი პორტის სტრატეგიული მდებარეობა – პირდაპირი წვდომა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან, კავშირი ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, სიახლოვე სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან – მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოჯისტიკურ ცენტრად აქცევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ინვესტორებს – „აბუ-დაბის პორტების ჯგუფს”, ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისს”, ადგილობრივ კომპანია „ინვეკოს”, ასევე − ყველა ინჟინერსა და მშენებელს, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროექტი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ის კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციას და უზრუნველყოფს მის გადაქცევას რეგიონის ჰაბად.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტის პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია. მისი თქმით, საქართველოსთან სტრატეგიული და გლობალური პარტნიორობა ღრმავდება, ასევე ვითარდება ვაჭრობა, რაც მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტია.

მშრალი პორტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და თბილისის მშრალი პორტის გენერალური დირექტორი ნინო ნემსაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading