თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული მ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1981 წელს დაბადებული ჰ.დ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ფ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას საერთაშორისო აეროპორტში ამოიღეს: დაახლოებით 150 გრამი კოკაინი, 497 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებით, „მორფინის“ და „კოდეინის“ შემცველი ფხვიერი მასა, ასევე 1 ლიტრი 200 გრამი „კეტამინის“ სითხე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ ღონისძიებებს ნარკოტიკების ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში მათ ამოიღეს რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.