ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტირდა – მგზავრობის დრო შემცირდება
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე 16 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან.
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზები ერთმანეთთან უკავშირდება ზაგაროს უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც შექმნის ყველაზე მოკლე მარშრუტს რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის შორის და მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს.
განახლებული გზა გაზრდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო განვითარებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა და მისი ღირებულება 27,9 მილიონი ლარია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.