თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის პროგრამებზე ინფორმაცია მოისმინეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს სოციალური პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
მომხსენებელმა პარლამენტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ გამოხატული აქტიური ინტერესისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მთავრობის გადაწყვეტილება და პარლამენტის მხარდაჭერა თავდაცვის ბიუჯეტის მზარდი დინამიკის შენარჩუნების კუთხით. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსთვის 2025 წელს 1 730,0 მლრდ. ლარი არის გამოყოფილი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას მნიშვნელოვნად აღემატება. ცხადია, გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს ჩვენი სამხედროების ზრუნვისთვის მეტი ძალისხმევა გავწიოთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, სამხედროების ხელფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, გაუმჯობესებულია ჯარის ინფრასტრუქტურული და კვებითი პირობები.
მისივე განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში სამხედროების ხელფასები მინიმუმ 10-10%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო თითქმის გაორმაგდა და დღეისათვის ის 1947 ლარს შეადგენს.
მინისტრის მოადგილემ სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სოციალურ პროექტებს, განათლების ხელშეწყობას, სოციალურ შეღავათებს, საცხოვრებელი პირობების და ბინებით უზრუნველყოფას, დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებზე ზრუნვას მოიცავს.
გრიგოლ გიორგაძემ თითოეულ მიმართულებაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო შემდეგ წლებშიც გააგრძელებს ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას და სოციალურ პოლიტიკაზე ზრუნვას.
კომიტეტის წევრებმა თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის პროგრამები დადებითად შეაფასეს და მინისტრის მოადგილის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.