ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა
რომელიც ოქმის გაფორმებით დასრულდა. უნგრეთის მხარეს თავმჯდომარეობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.
კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სხვა.
„თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებითა და კონკურენტუნარიანი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებით, საქართველო სულ უფრო მეტად პოზიციონირებს როგორც რეგიონული ვაჭრობისა და ინვესტიციების საკვანძო ცენტრი საქართველოს აქვს ევროკავშირთან და რეგიონულ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების წარმატებული ისტორია, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკის სანდოობას და ეკონომიკური კოორდინაციისა და საიმედო და უსაფრთხო ღირებულებათა ჯაჭვების მშენებლობისთვის ერთობლივ ძალისხმევას,“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდად დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 47 პროცენტით გაიზარდა. ასევე ზრდადი იყო როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ექსპორტი 2024 წელს – ორმხრივი ვაჭრობა 14 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 93 პროცენტით გაიზარდა.
კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტით 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 5.5 ათასი ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114.7%-ით მეტია. რაც შეეხება 2024 წელს, აღნიშნულ პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 14.8 ათასი ტონა, რაც 2023 წელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.
სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთის მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს, 11-12 ივნისს უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უნგრეთის მხარეს გადაეცემა საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების სპეციალური კატალოგი პოტენციური ინვესტორებისთვის გასაცნობად.




