დღეს ჭადრაკის დედოფლის, ნონა გაფრინდაშვილის, დაბადების დღეა

3 მაისს ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს 84 წელი შეუსრულდა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მის მეტად საინტერესო საჭადრაკო კარიერას.

5 წლის იყო, როდესაც ჭადრაკის თამაში დაიწყო. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი ხუთ ძმასთან ერთად ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ძმებმა ჭადრაკიც შეასწავლეს. ერთხელ, ზუგდიდის პიონერთა სასახლეში გამართულ შეჯიბრებაზე ნონამ ერთ-ერთი ძმის ნაცვლად იასპარეზა, რომელიც ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოეთიშა და ნონამ მასზე ბევრად ძლიერი მეტოქე მალევე დაამარცხა.

1953 წლის ზაფხულში,  ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე ნონა უკვე ზუგდიდის ნაკრების წევრი იყო. სწორედ აქ შენიშნა მისი ტალანტი ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ და უკვე 1954 წელს მისი დაჟინებული თხოვნით ნონა სასწავლებლად თბილისში გადაიყვანეს.

ვახტანგ ქარსელაძემ მისთვის ჩვეული ინტუიციის წყალობით, ნონას პარტიის დასრულების  შემდეგ ბრძანა:

„შევამჩნიე, რომ მას მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

1955 წელს ნონამ თბილისის პირველობაზე  ვერცხლის მედალი მოიგო. შემდეგ, რიგაში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაზე ისახელა თავი.  1956 წელს ქალ მოჭადრაკეთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა. ამავე წელს ნონამ კარიერაში პირველად, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 15 წლის ნონამ აქ 16 პარტია ითამაშა და 15,5 ქულა მოაგროვა.

საბჭოთა კავშირის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია

გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ გახდა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი.

1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში ნონა გაფრინდაშვილი პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი იყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading