დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს. საკითხი სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა წარადგინა.


მისი განმარტებით, 2025 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის/განლაგების მოთხოვნები, მათ შორის, შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები და აღნიშნული წესი გავრცელდა სიგარილაზეც. მისი თქმით, თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება. შესაბამისად, სიგარილას შეფუთვაზე, შეფუთვის სტანდარტიზების მოთხოვნების გავრცელება ტექნიკურად რთული და ეკონომიკურად არაგონივრულია.

„იმპორტიორები წააწყდნენ სერიოზულ პრობლემას მწარმოებლებთან, რადგან იმ მინიმალური რაოდენობის პროდუქციის ახალი შეფუთვით ბეჭდვა და დამზადება, რასაც საქართველოს ბაზარი მოიხმარს, მათ ეკონომიკურ ინტერესში არ შედის და ამიტომ უარს აცხადებენ წარმოებაზე. ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე“ , – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისი განმარტებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ამ საკითხზე არგუმენტირებული პოზიცია წარუდგინა, რაც ადასტურებს ბიზნეს სექტორისათვის ცვლილებების საჭიროებას. მისივე თქმით, ევროკავშირის უმრავლესმა ქვეყანამ, რომელმაც სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა დანერგა, სიგარილასა და სიგარაზე გამონაკლისები გაავრცელა.


როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის, გამარტივდება წარმოების პროცესი, ასევე, შემცირდება იმპორტიორებისთვის დამატებითი ხარჯები, გაუმჯობესდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მდგომარეობა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading