დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში, დაბის განაშენიანების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა.
შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა.
ადგილობრივებს პრეზენტაცია საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს.
პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, აუდიტორიის კითხვებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიისა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა უპასუხეს.
საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მოსაზრებები 15 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი სახით წარადგინონ, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს – მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154; ასევე, ელექტრონულ მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
დოკუმენტაციის გასაცნობად, იხილეთ მითითებული ბმული: https://tinyurl.com/2jtrwv36” –ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.




