გორილამ Comedy Wildlife Awards-ის მთავარი პრიზი მოიპოვა 🦍
ლონდონი – ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მარკ მეთ-კონმა ოთხი დღე გაატარა რუანდაში, ვირუნგას მთებში, გორილების საძებნელად. მოთმინება და მიზანდასახულობა საბოლოოდ დაუფასდა, როცა ახალგაზრდა მამრ გორილას გადააწყდა, რომელიც თავისი „საცეკვაო“ მოძრაობებით თავის გამოჩენას ცდილობდა.
სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა ფოტოგრაფმა კამერით და ფოტომ, სახელწოდებით „High Five“ („ხუთიანი“)“, წლევანდელ Nikon Comedy Wildlife Awards-ზე მთავარი პრიზი მოუტანა. ამავე ნამუშევარმა ძუძუმწოვრების კატეგორიაშიც გაიმარჯვა.
პრესტან განცხადებაში მეთ-კონმა აღნიშნა:
„ერთი ახალგაზრდა მამრი განსაკუთრებით ცდილობდა თავისი აკრობატული შესაძლებლობების დემონსტრირებას – ტრიალებდა, ხტებოდა და მაღლა სწევდა ფეხებს. მისი ყურება სუფთა სიხარული იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფოტოში მისი თამაშის სულისკვეთება დავიჭირე.“
ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი კონკურსი რეკორდული აღმოჩნდა – მიღებული იყო 10 000-ზე მეტი ნამუშევარი 109 ქვეყნიდან. გამარჯვებულები სამშაბათ საღამოს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე დაასახელეს.
ჟიურიმ პირველ ეტაპზე ნამუშევრები 40 ფინალისტამდე შეამცირა, რის შემდეგაც სპეციალურმა პანელმა საერთო გამარჯვებული და კატეგორიების ლიდერები გამოავლინა.
ფინალისტები შვიდ კატეგორიაში შეფასდნენ, მათ შორის ქვეწარმავლების, მწერებისა და თევზების კატეგორიებში, ასევე ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილ სექციაში. არსებობს ხალხის რჩეულის პრიზიც, რომელზეც ხმის მიცემა კონკურსის ვებგვერდზე 1 მარტამდე არის შესაძლებელი. დამატებით, 10 ნამუშევარი განსაკუთრებული მოწონებით აღინიშნა.
კატეგორიის გამარჯვებულებს შორის იყო 13 წლის გრეისონ ბელი აშშ-დან, რომელმაც Nikon Junior Photographer Award (16 წლამდე ასაკისთვის) მოიპოვა, ასევე გაიმარჯვა ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და მწერების კატეგორიაში ფოტოთი „Baptism of an unwilling convert“, სადაც წყალში ორი ბაყაყის „ჭიდაობაა“ აღბეჭდილი.
გერმანელმა პაულა რუსტემაიერმა Nikon Young Category (25 წლამდე) მოიგო მხიარული მელიების ფოტოთი – „Hit the dance floor“.
Nikon Europe-ის მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა სტეფან მაიერმა განაცხადა:
„ყველა კატეგორიის გამარჯვებული სიხარულს, უნარსა და ფანტაზიას იყენებს ბუნების სამყაროს აღსაბეჭდად, ხოლო მარკის გამარჯვებული ფოტო იდეალურად ასახავს ველური ბუნების თამაშის სულს.“