გორელოვკა – ალპურ სიმაღლეზე შემორჩენილი დუხობორების ისტორია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2065 მეტრზე, გზა ნელ-ნელა ვიწროვდება და ქარს უკვე ზამთრის სუნი მოაქვს.

აქ, სადაც ზაფხული მოკლეა და ზამთარი – გრძელი და მკაცრი, ალპური სოფელი გორელოვკა მდებარეობს. სწორედ აქ ცხოვრობენ დუხობორები – ადამიანები, რომელთა წინაპრები რუსეთის იმპერატორმა განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო საქართველოში გადაასახლა.

გორელოვკაში პირველად მისულს ღია სივრცე ხვდება. თითქოს არაფერია, თუმცა ადგილობრივები გეუბნებიან – ეს მიწა საზრდოს იძლევა. დუხობორები ჯავახეთში ფორნებით ჩამოვიდნენ. მძიმე მგზავრობის შემდეგ პირველ ღამეებს პირდაპირ მიწაზე ათევდნენ, შემდეგ კი მიწურების შენებას შეუდგნენ – სხვაგვარად აქაურ კლიმატს ვერ გაუძლებდნენ.

დუხობორები პროტესტანტი ქრისტიანები არიან. მათი რწმენით, ღმერთი ყველა ადამიანშია და ეკლესია საჭირო არ არის. სამაგიეროდ, აუცილებელია თანასწორობა და ერთიანობა. სწორედ ამ იდეით შექმნეს საქართველოში „თანასწორთა კომუნა“, რომელმაც დიდხანს ვერ გაძლო, თუმცა ხალხის შრომისმოყვარეობამ სოფელი ფეხზე დააყენა.

1990-იან წლებამდე სოფელში დუხობორები მრავლად იყვნენ, თუმცა მძიმე წლებმა ბევრი აიძულა წასულიყო. მათი სახლები ქართველებმა და სომხებმა დაიკავეს. დღეს გორელოვკაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ერთად ცხოვრობს, თუმცა დუხობორებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ქართველებთან აქვთ.

სოფელში ხეხილი არ ხარობს, ამიტომ ადგილობრივები მეცხოველეობასა და კარტოფილის მოყვანით ირჩენენ თავს. ქალები და კაცები თანაბრად შრომობდნენ.

დღემდე შემორჩენილია დუხობორ ქალთა ჭრელ-ჭრელი ტრადიციული კაბები. ისინი მხოლოდ ტანსაცმელი არ არის – ეს მათი ისტორია და იდენტობაა. დღეს კაბებს ძირითადად დღესასწაულებსა და ეროვნულ ცეკვებზე იცვამენ.

დუხობორებს ეკლესია არ აქვთ. სოფელში მოქმედებს სამლოცველო, რომელსაც „ობლის სახლი“ ეწოდება. აქ კითხულობენ საკუთარ ფსალმუნებს და ინარჩუნებენ რელიგიურ ტრადიციებს. აღდგომას ისინი, როგორც სხვა ქრისტიანები, ღამით აღნიშნავენ, დილით კი წინაპრების საფლავებზე წითელი კვერცხებით მიდიან.

გორელოვკის ისტორია ლევ ტოლსტოის სახელთანაც არის დაკავშირებული – სწორედ მან დააფინანსა სოფლის სკოლა და თავშესაფარი, ასევე ხელი შეუწყო დუხობორების ნაწილის კანადაში გადასახლებას.

ზამთარი გორელოვკაში ყველაზე მძიმე გამოცდაა. ბუნებრივი აირი სოფელში არ არის. მოსახლეობა შეშითა და ნაკელის ფილებით თბება. „გამშრალი ნაკელი სუნს აღარ აყენებს,“ „მაგრამ ეს მაინც დროებითი გამოსავალია.“

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს განვითარება სჭირდება – გაზი, სამუშაო ადგილები და პირობები, რომ ახალგაზრდებმა აქ დარჩენა აირჩიონ.
გორელოვკა დღეს დუხობორების ისტორიას ინახავს – სიმაღლეზე, ქარში და დუმილში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading