გიორგი მუმლაძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა სლოვაკი ალექს კრივეჩი დაამარცხა.
მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მეოთხე მედალია: ვერცხლის მედალი ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ საბა ბოლქვაძე (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ).
21-26 ივლისის ჩათვლით ფესტივალზე 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი 15 სახეობის სპორტში ასპარეზობს. საქართველოდან 36 სპორტსმენი მონაწილეობს ცხრა სახეობაში – ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო და სპორტული ტანვარჯიში.