,,გილოცავთ ვეტერანების დღეს – მადლობა თქვენი გმირობისთვის!”-მიხეილ ყაველაშვილი
ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ ვეტერანებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საპატრიარქოს წევრები.
„ყველაზე უკეთ სწორედ ვეტერანებმა იციან მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის საუკეთესო მაგალითი სწორედ ვეტერანები არიან,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.
ღონისძიებაზე პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებსაც. ხაზი გაესვა ვეტერანების როლს ახალგაზრდების პატრიოტული სულის აღზრდაში და სახელმწიფო ვალდებულებას – გმირების ღვაწლის დაფასებას.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ვეტერანების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სახელმწიფო გააგრძელებს მათთვის ღირსეული პირობების შექმნას.
„ვეტერანთა გმირობა და თავგანწირვა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების. ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს გადავცეთ მათი სახელები და ისტორიები,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.