გივი მიქანაძემ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ენის დღე მიულოცა

„საქართველოს მოქალაქეებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით მინდა მოგილოცოთ ქართული ენის დღე. ზუსტად 47 წლის წინ, საბჭოთა რეჟიმი შეეცადა საქართველოსთვის წაერთმია სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი – ჩვენი სახელმწიფო ენა, ქართული ენა. იმდროინდელი საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის განმსაზღვრელი მუხლის გაქრობის მცდელობას, ქართული საზოგადოების მხრიდან გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელიც ერის გამარჯვებით და ქართული სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნებით დასრულდა“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა დაიცვას ქართული ენა და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2015 წელს სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღება და საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წელს დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი.

„ქართული ენის ცოდნა ჩვენი ერთიანი საზოგადოების გაძლიერების წინაპირობაა. სწორედ ამას ემსახურება სახელმწიფოს პოლიტიკაც. ერთი მხრივ, ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს დავეხმაროთ საკუთარი მშობლიური ენის შენარჩუნებაში, მეორე მხრივ კი ხელი შევუწყოთ სახელმწიფო ენის შესწავლაში, რათა სრულად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება ერთიან, ძლიერ საზოგადოებში. სწორედ სახელმწიფო ენის დაცვას და განვითარებას ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 12 ივნისს დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომლითაც უმნიშვნელოვანეს მიზნად განისაზღვრა სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading