გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წიაღის შესახებ“ და „გარემოს დაცვის“ კანონებში ცვლილებებზე იმსჯელა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტი განიხილა „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე.
პროექტი ითვალისწინებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირისა, ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილების მიღებით უზრუნველყოფილი იქნება სასარგებლო წიაღისეულის მართვა-განკარგვისა და გარემოსდაცვითი საკითხების ეფექტიანად წარმართვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ კანონებში, რაც საკანონმდებლო პაკეტის სახით იყო სხდომაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ასევე მაია ბითაძემ მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარუდგინა კოლეგებს, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
წარმოდგენილი ცვლილებით განსაზღვრულია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მართვის კომპეტენციას დაემატება სასარგებლო წიაღისეულის მართვა (გარდა ნავთობისა და გაზისა).
ასევე, პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) ლიცენზირების სფეროში სახელმწიფო კონტროლს განახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.
მუხლობრივად განხილვის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
