გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღებას
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (5 პირი), რომელთაც, სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
პერსონალური ასისტენტის სერვისი – მომსახურება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.
პერსონალური ასისტირება იყოფა ორ კატეგორიად:
რეგულარული ასისტირება, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური, სენსორული, მსუბუქი და საშუალო გონებრივი შეზღუდვის, ასევე ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებას (თვეში ერთ მოსარგებლეზე არაუმეტეს 60 საათი);
სპეციალიზებული ასისტირება, რომელიც ითვალისწინებს მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებას (თვეში ერთ მოსარგებლეზე არაუმეტეს 120 საათი).
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall
