გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ მარტყოფში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა ფიჭვის სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0.5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
სამართალდამცველებმა სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1 912 ფაქტი.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერად რეაგირებენ. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამკაცრებული სანქციების შედეგად, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები ბოლო ხუთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა.