განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა საჩხერეში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები საჩხერეში, სოფელ ბაჯითში პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალს ესტუმრნენ.
კოლეჯის დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ დეპუტატებს საგანმანათლებლო პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნო. საუბარი შეეხო კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და სწავლების ხარისხის შემდგომი სრულყოფის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს.
კოლეჯი 80 სტუდენტზეა გათვლილი.
კომიტეტის წევრებმა საჩხერეში ასევე დაათვალიერეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია. დეპუტატები კოლეჯის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს გაეცნენ.
როგორც კოლეჯის რექტორმა სოფიო მაჭარაშვილმა აღნიშნა, აკადემია ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ყველა საავტორიზაციო სტანდარტს აკმაყოფილებს. მისივე ინფორმაციით, კოლეჯი სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ პროფესიულ ცოდნას და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი განათლება მიიღონ.
კომიტეტის წევრებთან ერთად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.






















