ბუკნარში ფეხმძიმე, მრავალშვილიანი ქალი გარდაიცვალა
ბუკნარში ფეხმძიმე, მრავალშვილიანი ქალბატონი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კუჭავამ გაავრცელა. მისი თქმით, ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ჩოხატაურში სამეანო–გინეკოლოგიური მომსახურება პრაქტიკულად მიუწვდომელია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას წლებია აქტიურად ითხოვს.
კუჭავას განცხადებით, მრავალი მიმართვის მიუხედავად, კერძო სექტორის ჩართვა ვერ ხერხდება, ხოლო მუნიციპალიტეტი უძლურია, უზრუნველყოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა:
„ბუკნარში ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც წლებია ვითხოვთ. სამეანო–გინეკოლოგიური მომსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს. არაერთხელ ვეცადე კერძო სექტორისთვის ამ სერვისის მნიშვნელობის აღნიშვნას, მაგრამ უშედეგოდ. კომერციულ ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა ჯანდაცვას ვერ იცავს ასეთი ლეტალური შედეგებისგან“, – წერს კუჭავა.
მისივე განცხადებით, ჩოხატაურზე მსგავსი, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღდგენა „სანამ კიდევ ერთი ტრაგედია არ განმეორებულა“.