,,ბოლო წლების განმავლობაში, უცხოური ორგანიზაციების დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციური სცენარის მოწყობის არაერთი მცდელობა იყო. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ ვის რა ინტერესი და სურვილი აქვს საქართველოსთან მიმართებაში”-კახა კალაძე
„მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რატომ იქმნებოდა ეს ყველაფერი? თუ ვერ მოხდებოდა მათი ინტერესების გატარება, ამ ადამიანებს გამოიყვანდნენ ქუჩაში. არაერთი მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის. გადავხედოთ ისტორიას – ხან იყო არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური სცენარი; ჟურნალისტების რევოლუციური სცენარი; ე.წ. პოლიტიკოსების და ბოლოს საზოგადოებრივი დაჯგუფების; უამრავი სცენარი იყო წარმოდგენილი, რომ ის თანხები, რომლებიც ამ აგენტურულ ქსელში შემოდიოდა, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ქართველი ხალხი გონიერია და ყველაფერს ხედავს, თუ ვის რა ინტერესი აქვს.
ის, რაც უკრაინაში მოხდა, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესში შედიოდა? სრული კატასტროფა მოხდა. ჩვენ სამწუხაროდ, გამოვიარეთ ეს უბედურება 2008 წელს. მალე დასრულდა ეს ყველაფერი და დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა ის უბედურება, რაც მივიღეთ – დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები. გვქონდა განადგურებული ინფრასტრუქტურა, დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ის, რაც 2008 წლის ომის დროს გვახსოვს ყველას, უკრაინაში იყო უფრო დიდ მასშტაბებში და რამდენიმე წელი გაგრძელდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი რეგიონთან, საქართველოსთან მიმართებაში. ყველას აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები – პოლიტიკოსები, რომელთაც გვირჩევს ხალხი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავატაროთ მისი ინტერესები. არც ამერიკელი ჩამოვა აქ იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვას, არც ევროპელი, ჩვენ – ქართველებმა უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და მისი მომავალი.
აბსოლუტურად მესმის, რადგან ძალიან, ძალიან თვალსაჩინოა ის შემოტევები და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში პირდაპირ ჩარევა. ყველა წავიდეს და მიხედოს თავის ქვეყანას, თავიანთ პარლამენტს და კანონებს. ჩვენ როგორმე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, მივხედავთ ამ ქვეყნის მომავალს, დავიცავთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.