ბოლნისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ომმა საქართველოს არაერთი ღირსეული შვილი შეიწირა. მათ შორის იყვნენ ბოლნისელი გმირები — სოფელ დისველში მცხოვრები ასლან შაინიძე, სოფელ რატევანში მცხოვრები ნოდარ დევნოზაშვილი და სოფელ ტანძიაში მცხოვრები საბა დადვანი, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ზამურ ჭითანავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული ბოლნისელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკო.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი ,საკრებულოს მაჟორიტარი წევრები — თეიმურაზ ჯოხაძე, გია ლომიძე და შერმადინ დადვანი, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე.
„2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების თავდადება საქართველოს უახლესი ისტორიის ღირსებისა და თავგანწირვის სიმბოლოა. მათი გმირობა, სამშობლოსადმი ერთგულება და გაღებული მსხვერპლი მარად დარჩება ჩვენი ეროვნული მეხსიერების ნაწილად. მათი ხსოვნის პატივისცემა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რათა მომავალ თაობებს გადავცეთ თავისუფლების, ღირსებისა და სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობა“, — აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ.
