ბაღში მომხდარ შემთხვევაზე გათავისუფლებული აღმზრდელი სამსახურში აღადგინეს – სასამართლომ მიუთითა, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა იყო
ქარელის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 3 წლამდე ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე ავიდა, რომელიც გადმოვარდა და ბავშვი დაშავდა. მას სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევის შემდეგ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ხაშურის სასამართლომ თავდაპირველად დამსაქმებლის პოზიცია გაიზიარა და გათავისუფლება კანონიერად შეფასდა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა – მოსამართლეთა კოლეგიის დასკვნით, აღმზრდელის გათავისუფლება უკანონო იყო, რის გამოც ის სამსახურში აღადგინეს და სააგენტოს განაცდურის ანაზღაურების გადახდა დაეკისრა.
უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ბაღის ადმინისტრაციას არ ჰქონდა უზრუნველყოფილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც სწორედ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაში შედის.
წყარო: „ქართლის ამბები“