,,ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება უკვე მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი”-ლაშა ქოიავა
„გაშვებულ ვეტერანებს შორის იყვნენ არა მარტო საბჭოეთის ჯარში განათლება მიღებული პირები, არამედ ისეთებიც, რომლებსა განათლება ჰქონდათ მიღებული არა მარტო საბჭოეთის დროს რუსის ჯარში, არამედ, ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთადაც. იმიტომ, რომ იქ იყო არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ, იქ იყო კურსებიც, რაც ძალიან დიდ ცოდნას და გამოცდილებას აძლევდა ადამიანს.
აქ იყო პრობლემური კიდევ ის, რომ ის ადგილები,რომლებიც გამოთავისუფლდა უფროსი ოფიცრებისგან, დააკავებინეს უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას ანუ ხალხს, რომელმაც უნდა ისწავლოს, მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე, საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს. ეს ოქრუაშვილის დროს მოხდა. წოდების რიგგარეშე მინიჭება შეიძლება ცხოვრებაში ალბათ ერთხელ, ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებების დროს, შეიძლება ორჯერაც მოხდეს. ამან, რასაკვირველია, გამოიწვია გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია ჯარში. დეფორმაცია ოფიცრების, ჯარისკაცების ფსიქიკაში, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ამდენ ხანს მსახურობდა, უცებ იყო გაშვებული და რასაკვირველია ყველას გაუჩნდა ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად განცდა, რომ ისიც შეიძლება სამშობლოს სამსახურში დააფასონ იმით, რომ გააგდონ ჯარიდან, როგორც გადამუშავებული მასალა“, –განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.