არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორებში 6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც ყველაზე მასშტაბურია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ადგილობრივი ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის

საამიროების უმსხვილესი დეველოპერი კომპანიის Emaar Properties დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის კომპანია Eagle Hills – ი თბილისსა და გონიოში დაახლოებით 800 ჰა ფართობზე მსხვილ დეველოპერულ საინვესტიციო პროექტებს განავითარებს.

კომპანია საქმიანობს 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, სერბეთში, უნგრეთში, ლატვიაში, იორდანიაში, ომანში, ალბანეთში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და სხვ. უშუალოდ საამიროებში Emaar – ის და Eagle Hills – ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე, პროექტები Dubai Marina – ს ელიტურ საკურორტო ზონასა და სხვ.

თბილისში, ფონიჭალაში მოეწყობა გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები, კომერციული და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსები. რაც შეეხება გონიოს, 250 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გახდება ბათუმის ერთგვარი „სავიზიტო ბარათი“ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტან ქალაქისთვის ახალი გასართობი და რეკრეაციის შეთავაზების დივერსიფიკაციის პროცესში. პროექტი მოიცავს იახტ-მარინას, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, ბრენდირებულ რეზიდენციებს, კომერციულ და გასართობ ზონებს, რაც ბათუმის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ყველგან, სადაც კომპანია Eagle Hills-ი ინვესტიციას ახორციელებს, მისი პოლიტიკაა, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები. შედეგად, საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი პროფესიონალები და კომპანიები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება ქვეყნის ეკონომიკაში.

Emaar Properties/Eagle Hills – ისთან მოლაპარაკება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკების ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ასევე განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ვიზიტები საინვესტიციო ლოკაციების შერჩევისა და შეფასების მიზნით. მოჰამედ ალაბარის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მეგობრულია და მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობას. როგორც მოჰამედ ალაბარი აღნიშნავს, საქართველოში ყველა მაჩვენებელი კარგია და თავად ქვეყანა განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading