ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა – გივი მიქანაძე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებაზე მინისტრმა სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით სამინისტროს პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
„გილოცავთ ამ არაჩვეულებრივი ბანაკის გახსნას. თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე და დარწმუნებული ვარ, ეს დღეები, რომელსაც ანაკლიაში გაატარებთ, დაგამახსოვრდებათ როგორც საინტერესო დისკუსიებით, ისე ახალი მეგობრებითა და გამოცდილებით,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში მსგავსი ბანაკი რაჭაშიც გაიხსნება, სადაც მონაწილეობას სხვა სტუდენტებიც შეძლებენ.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ პასუხები.

სტუდენტებს ასევე მიმართეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი ნადარაიამ.
2025 წელს ანაკლიის ბანაკი, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკში 240 სტუდენტი მონაწილეობს, ხოლო პირველ ეტაპზე მასპინძლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გაეწიათ.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საკვანძო კომპეტენციების განვითარება. საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს.

ბანაკის ეფექტიანი განხორციელებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდა – რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებს, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.
გარდა ამისა, ბანაკის გახსნამდე 200-მდე შერჩეულ ახალგაზრდას ლიდერობის ტრენინგი ჩაუტარდა, რის შემდეგაც საუკეთესო მონაწილეები დასაქმდებიან ანაკლიისა და შაორის ბანაკებში. წლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში საშუალოდ 250 ლიდერი საქმდება.