ალექსი ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის საქმეზე 30 000-ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარემ არასაპატიმრო გირაოს მოთხოვნა წარადგინა. ადვოკატმა ლალი აფციაურმა მოსამართლეს თორნიკე რიჟვაძის მშობლების განცხადებაც წარუდგინა, სადაც ისინი ახვლედიანის გათავისუფლების პოზიციას აფიქსირებდნენ.
სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმაც ისარგებლა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით და აღნიშნა, რომ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რადგან ეს მისი ინტერესებშიც შედის.
საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სწორედ ახვლედიანის კუთვნილი იარაღით, თვითმკვლელობა სცადა. თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა.
პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას და მძიმე შედეგის დადგომას გულისხმობს.