აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილის განცხადებით, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს
„ვერავის შეაშინებთ. დროა, ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და გამოუშვან ის ხალხი, რომლებიც ციხეშია. მცემენ, მიმარტყამენ, მომარტყამენ – ვინ უნდა შეაშინონ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევა. საღოლ, მაგრად მოაწყვეთ, დილის ცხრა საათზე რომ მიყურებთ, ძაღლს ვასეირნებ, ძალიან სასაცილოა. არავის არაფრის ეშინია და ჩვენ აუცილებლად ჩვენსას მივაღწევთ. არ ვიცი, ვინ იყვნენ. ძაღლს ვასეირნებდი, სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. პოლიციას გამოვიძახებ, ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვებით თავის გზაზე ისე, როგორც საჭიროა. წყნარად ვასეირნებდი ძაღლს და მომვარდნენ, ბოღმიანები, შურიანები არიან, უსამართლო ხალხია, მეტი არაფერი. ვის არ მოხვედრია, მათ არ მოხვედრიათ ალბათ ბავშვობაში, თორემ მე არაფერი მიჭირს საერთოდ. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ლაშა გაბიტაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.