95 წელი შესრულდა ქართველი პოეტის, მორის ფოცხიშვილის, დაბადებიდან
მისი ბიოგრაფია სულ რამდენიმე სტრიქონით გადმოიცემა:
დაიბადა თბილისში, 1930 წლის 11 ივნისს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში”. იყო ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა „ნაკადულისა” და წიგნის პალატის დირექტორი.
სამაგიეროდ, ძალიან ვრცელია მის ლექსებზე შექმნილი სიმღერების ჩამონათვალი, რის შესახებაც ნოდარ დუმბაძე აღფრთოვანებული წერდა: „მორის ფოცხიშვილი, ქარაგმულად თუ ვიტყვით, „ამღერებული ტალანტია”. ხალხი მის თითქმის ყველა ლექსს მღერის”.
საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა ამაგი დასდო პოეტმა ქართულ კინოს. გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები” ამის თვალსაჩინო მაგალითია.
მორის ფოცხიშვილი არაჩვეულებრივი ლირიკოსია. იმავე ნოდარ დუმბაძის თქმით, „მას აქვს ლექსები, რომელთა არც მოყოლა შეიძლება და არც მღერა. ისინი ჩუმად უნდა იკითხო, შენთვის”.
ასეთ პოეტს შეეძლო, ეთქვა: „ჩანგი ჩემი – ქართული, ქრისტე ღმერთის ნათლული”…
ამიტომაც შეუსრულეს ანდერძი, რომლის თანახმადაც, მცხეთის სამთავროს მონასტრის ღვთაებრივ ეზოში განისვენებს.
