220 წელი შესრულდა დიდი ქართველი მამულიშვილის, სოლომონ დოდაშვილის დაბადებიდან

სოლომონ დოდაშვილი მრავალმხრივი მოღვაწე იყო: ფილოსოფოსი, ბელეტრისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და თეორეტიკოსი, პუბლიცისტი…

დაიბადა სიღნაღის სოფელ მაღაროში. მამა მღვდელი ჰყავდა. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ბოდბის სამონასტრო სკოლაში, სიღნაღისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლებში, პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. ოცდაორი წლის სტუდენტმა დაწერა ნაშრომი – „ფილოსოფიის კურსი. პირველი ნაწილი. ლოგიკა“, რომელმაც დიდი აღიარება მოუპოვა.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებული, პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა: თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ასწავლიდა ლოგიკას, რიტორიკას, ქართულ სიტყვიერებას, გეოგრაფიას…

აქ მისი მოწაფე თვით ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო.

მასწავლებელს ახლობლები აფრთხილებდნენ, – შეწყვიტე მოურიდებელი ლაპარაკი, თორემ ციმბირი უკან დაგრჩებაო; მოწაფეს მამა ეუბნებოდა, – გაანებე თავი დოდაშვილს, თორემ გაგთოკავენო.

მასწავლებელს ეს წინასწარმეტყველებაც აუხდა და თავისი გენიალური მოწაფის ბედიც გაიზიარა: „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში“…

1832 წლის შეთქმულების იდეური წინამძღოლობისათვის, ციმბირში გადასახლებული, ჭლექით დაავადდა და, 31 წლისა, ვიატკაში გარდაიცვალა.

მადლობა უფალს, უცხო მხარეში გაჭრილი სამარე მასწავლებლისა და მოწაფისათვის სამუდამო განსასვენებლად არ იქცა და კარგა ხანია, ორივეს „მთაწმინდა გულში იხუტებს“.

უდიდესია სოლომონ დოდაშვილის ეროვნული ღვაწლი. სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის გარდა, ეს ღვაწლი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ მხარეს მოიცავს. საკმარისია, აღინიშნოს, რომ სოლომონ დოდაშვილი რედაქტორობდა „ტფილისის უწყებანის“ ქართულ რედაქციას და იყო ამ გაზეთის დამატების, ანუ პირველი ქართული ჟურნალის რედაქტორი. მრავლისმთქმელია ხსენებული ჟურნალის სახელწოდება: „სალიტერატურონი ნაწილნი „ტფილისის უწყებათანი“.

საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს სოლომონ დოდაშვილის დიდ ეროვნულ ღვაწლს, მის უკვდავ ხსოვნას.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading