21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკოს გადაწყვეტილებითა და გაეროს რეზოლუციითაა აღიარებული. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მიზნად ისახავს ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოში ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს. წელს მშობლიური ენის მსოფლიო დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის საკრებულოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით აღინიშნა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები (მწერლები, ჟურნალისტები, მთარგმნელები), რომლებიც უმცირესობათა ენებზე წერენ და თარგმნიან.
მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„რამ შექმნა საქართველო? ამ კითხვაზე პასუხი ბევრია. საქართველო შექმნა ქართულად აღსრულებულმა ლოცვამ, როგორც ეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია. შემდეგ შექმნა ჩვენმა სულიერმა და კულტურულმა კონსტიტუციამ „ვეფხისტყაოსანმა“. აი კიდევ რამ შექმნა საქართველო – ჩვენმა მიმღებლობამ და მრავალფეროვნებამ. ადამიანები, რომლებიც ქართულ ენაზე მეტყველებენ და საკუთარე ენაზე ქმნიან ნაწარმოებებს, აერთიანებენ ამ კულტურებს და ახალ განზომილებაში გადაჰყავთ საქართველო. ისინი არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ჩვენი შვილები არიან“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მოწვეულ სტუმრებს ღონისძიების ბოლოს საჩუქრები გადაეცათ.




