2026 წელს საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის საბჭოს სხდომას და საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

აღნიშნული ღონისძიებების თბილისში გამართვის გადაწყვეტილება აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირმა (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს საგაზაფხულო სხდომაზე მიიღო, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საქართველოდან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებიც.

აღსრულების ეროვნული ბიუროს დელეგაციამ, ასევე, მონაწილეობა მიიღო სხდომის შემდეგ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც აღმასრულებელთა გლობალური კოდექსით გათვალისწინებულ საკითხზე – ციფრული აქტივების აღსრულების წესზე იმსჯელეს.

კონფერენციის ფარგლებში, ქართულმა მხარემ პირისპირ შეხვედრები გამართა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამსახურის ხელმძღვანელთან და ყაზახეთის აღმასრულებელთა პალატის პრეზიდენტის მრჩეველთან. საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გამოცდილებისა და პრაქტიკის ეფექტური ურთიერთგაზიარების მიზნით.

აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის საგაზაფხულო სესიასა და საერთაშორისო კონფერენციას საქართველოდან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოძღვრიშვილი, თავმჯდომარის მრჩეველი მირიან ხარაბაძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ანა არაბული ესწრებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირთან 10 წელზე მეტია აქტიურად თანამშრომლობს. 2024 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირსაც შეუერთდა. საქართველო, 2022 წელს, ასევე მასპინძლობდა აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი ესწრებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading