2025 წლის 26 მაისს აშხაბადში გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქმენეთის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თურქმენეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა კერიმბერდი კურბანოვმა. მათ მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული დღესასწაული და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ პარტნიორულ, ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთის მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო, სატრანზიტო და ენერგეტიკული კორიდორების განვითარებაში.
ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგზე და ხაზი გაუსვა 2025 წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას თურქმენეთში.
მიღების დასასრულს, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მხარეს მახთუმყული ფრაგის სახელობის კულტურულ-მემორიალურ კომპლექსში შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმისთვის, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები, ასევე გაცნობოდნენ ქართული კულტურის ელემენტებს.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, ხოლო მოწვეულმა შემსრულებელმა სტუმრებს ქართულ ენაზე შესრულებული მუსიკალური ნომრები წარუდგინა.




