⚽️თბილისში განახლებული საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, თბილისის მერ კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.
პრეზიდენტისთვის ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. როგორც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწორედ „ავაზაზე“ დაიწყო მისი საფეხბურთო გზა 12 წლის ასაკში:
„ეს ადგილი ჩემთვის ბევრ მოგონებას უკავშირდება. აქედან დაიწყო ჩემი, როგორც ფეხბურთელის კარიერა და დღეს განსაკუთრებული სიხარულია, რომ ის ახალ სიცოცხლეს იძენს.“
საფეხბურთო ცენტრი სრულად განახლდა ფეხბურთის ფედერაციისა და დედაქალაქის მერიის ძალისხმევით. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს იმ წვლილისთვის, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს განხორციელებულა ასეთი მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ხელისუფლების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
სტატისტიკაც ძალიან ბევრი რამეს ამბობს: 2012 წელთან შედარებით, ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. ახალი სტადიონებისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაჩენის შემდეგ კი, ვარაუდობენ, რომ ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.
„ჩვენი მიზანია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. სპორტში ჩართულობა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მთელი საზოგადოების ჯანმრთელობის გარანტიაა,“ – აღნიშნა ყაველაშვილმა.
„ავაზა“ უკვე მზადაა ახალი თაობის ფეხბურთელების დასახვედრად – იმ ბავშვებისათვის, რომლებიც აქედან დაიწყებენ ოცნებების ახდენას.