ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც 2025 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე მოისმინეს კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
2024 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილდა როგორც კანონშემოქმედებით, ასევე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისას კი აღინიშნა, რომ კომიტეტი კვლავაც გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი ცაგარეიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.






