ცესკოს დელეგაცია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გამართულ არჩევნებს დააკვირდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა არჩევნებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მხარის მიწვევით აკვირდებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ცესკოს წევრებმა არჩილ ანასაშვილმა და გიორგი ძაგანიამ ტაჯიკეთის ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც არჩევნების სამზადისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. თავის მხრივ, გიორგი კალანდარიშვილმა 2024 წლის არჩევნების დროს გამოყენებული ნოვაციების, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
არჩევნების დღეს, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფი საქართველოს ცესკოს დელეგაცია კენჭისყრის მიმდინარეობას უშუალოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ასევე გამართეს შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა პირველი ამომრჩევლების ინფორმირებისა და მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და მიგნებებზე ისაუბრეს, ამასთან მათ ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia




