,,ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის”-ირაკლი კობახიძე
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლარი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა და ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობაც.
„ლარის საიუბილეო წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ამ კუთხით ვართ ლიდერი არამხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად, კონტინენტის მასშტაბით. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა, რაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე სამეულშია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სიმყარე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური სისტემის განვითარებას.
„ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და წლიდან წლამდე ვითარდება, სისტემის აქტივები თითქმის 100 მილიარდ ლარს აღწევს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია. ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსო სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციებს, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან და ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლი ფასდაუდებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ბანკს, ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას თანმიმდევრული პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
კონფერენციაში, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.





მოწონება
კომენტირება
Copy
გაზიარება