კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
„დავიბადე და გავიზარდე კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური, მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ იყო ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ მანდ და როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს – სამწუხაროდ, ჯერ მოდიოდა ჯარი და შემდეგ მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ შეიძლება 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა ჩემთან ერთად. ბოლო დანაყოფი, ოცეული ძალიან აგრესიულად შეგხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა – ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ, იმიტომ, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ თქვენ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობს. [ამას გვეუბნებოდა] ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები.” – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.