შანტუნგის პროვინციაში, ქალაქ პინჭოუში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს-აკადემიურ ფორუმში თემაზე „სამხრეთ კავკასიიდან ჩინეთამდე: ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია“
ფორუმზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე, საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობასა და უნიკალურ კულტურულ თვითმყოფადობაზე. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და მის მზარდ როლზე რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის დინამიურ განვითარებას და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას საინვესტიციო, სავაჭრო, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე ინიციატივების ხელშეწყობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციებით წარსდგნენ საელჩოს თანამშრომლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო ფორუმის პირდაპირ ეთერს 30 000-მდე ბიზნეს წრის წარმომადგენელი ადევნებდა თვალყურს.
