“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს სოციალური ქსელით მიმართავს
“გამოჩენილი ხელოვანი ქალი (საბჭოთა რუსეთისა და მოსკოველი კომუნისტების მიერ ბოძებული პრივილეგიებით სარგებლობას არასოდეს თაკილობდა), ზედმეტსახელად “ტადა კადა”. უფრო მეტიც, პირადად ჩემთვის – დიდი რეჟისორი და კარგი მთარგმნელი. ინტელექტუალი.
მაგრამ (However), პრაfესიანალი პუტჩისტი, ასაკშიც რომ პროფესიას არ ღალატობს, ისეთი. რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს წინ კიბე თუ აქვს, მოარიდეთ, რადგან რისკია, ჩამოჯდეს და აღარ ადგეს მანამ, სანამ სისხლი არ დაიღვრება. თუმცა, კიბესაც აღარ დაგიდევთ, ერთი წლის წინ, ორ-სამ ახალგაზრდას აყოლილი, უკიბო თეატრალურის წინ აპირებდა ბანაკის დაცემას და ვერ მივართვი (ცხელი ფაფა). ახლა, გადატრიალებას იმისთვის ცდილობს, რომ კვლავ “გოსსავეტი” შეგვაქმნევინოს ქვეყანაში (ტექნიკური მთავრობა), თავად კი რომელიმე ეთერში დაჯდება ისევ, პურის ნამცეცებს დააგორგოლავებს მუჭში და დაგვარიგებს ჭკუას, ამჯერად ალბათ ფრანგულად (რუსოფილი ვითომ არასოდეს ყოფილა, ბოვშებს ატყუებს ასე).
ახალგაზრდებს მოუსმინოს მთავრობამო, ბრძანა თავადვე, და ხომ ვარ თქვენზე ზუსტად ორჯერ ახალგაზრდა?! ვარ. ჰოდა, ინებეთ ჩემი მწარე შეფასება და შეირგეთ. ჯერ თავად ისწავლეთ ახალგაზრდების მოსმენა! არ შეგვჭამა?!
PS თუ წაიკითხავთ, გთხოვთ, დამშვიდდეთ და მოგვცეთ საშუალება, გცეთ პატივი იმ ღვაწლის გამო, რაც ქართულ კულტურას დასდეთ. გეუბნებით, როგორც ახალგაზრდა, რომ შეუსაბამოა ქუჩა-ქუჩა სიარული თქვენს ასაკთან და თქვენს დიდ შემოქმედებასთან. ვაჰ.” -წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ,რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რეჟისორმა და ყოფილმა ელჩმა ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გმოაქვეყნა:

,,საქართველო, პირდაპირი გაგებით, ფეხზე დგას.
ახალგაზრდა, იმედით სავსე, უშიშარი, მედგარი საქართველო!
ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო, რომელსაც მართლა არ ეშინია არც წიწაკის სპრეიგარეული წყლის ჭავლის, არც ქიმიურნივთიერებიანი ცრემლსადენი გაზის, არც მოძალადეთა სისასტიკის.
ეს არის სამოქალაქო ეროვნული იდეით და საუკუნეთა წიაღში დაბადებული ევროპული კულტურით შთაგონებული ქვეყანა, რომელმაც დაძლია ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა და იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.
ამიტომაც მჯერა: დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ადგილი ქუჩაშია. მე თვითონ ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ს ან თუნდაც 80-ს და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენს გვერდით.მაგრამ ვირტუალურად, ანუ სულისკვეთებით, თქვენთან ვარ. ყოველთვის, ყოველ წუთს.და განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც, ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ!
საუბედუროდ, ეს კადრი ამ დროის კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას.
და კიდევ, ვფიქრობ, რომ ეს ახალი საქართველო ცარიელ ადგილზე არ დაიბადა, და ისევ და ისევ 9 აპრილი მიდგება თვალწინ: როგორ წამოვიდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავისუფლების მოედნიდან ტანკები, როგორ დაგვდევდნენ ის უცხო ტომის, შემზარავი, ჩაფხუტიანი და მუზარადიანი, ნიჩაბშემართული არსებები, როგორ იდგა ეს ე.წ. საბჭოთა ხალხი ამ საშინელი ძალის წინ და მღეროდა… როგორ შევაფარეთ თავი – ჩახტომით – ქაშვეთის ეზოს და საბოლოოდ, როგორ გადაგვარჩინა ქართულმა მილიციამ!
(ეს სულ უნდა გვახსოვდეს: მაშინ ქართული მილიცია ხალხის მხარეს დადგა!)
წლების მერე კი იყო ის დიდი მომენტი: ევროსაბჭოს ფასადის წინ, გერმანიის და საფრანგეთის დროშებს შორის აღიმართა ქართული შინდისფერი დროშა. არასდროს არ დამავიწყდება, რა მღელვარებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს ზურა ჟვანია, რომელმაც მაშინ წარმოთქვა ეს უკვდავი ფრაზა:
“მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ვიხსენებ ამ დაუვიწყარ მოვლენებს და ვფიქრობ: არაფერი არ ადუღაბებს ერს ისე, როგორც “ერთობა ისტორიისა“ (ილია).დღეს სწორედ იმ დროშაში იყო გახვეული ის მშვენიერი გოგონა, რომელიც ისე უშვერდა თავს წყლის ჭავლს, თითქოს ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
და მე ნამდვილად მჯერა: საქართველო დღეს ისე ცოცხალია, როგორც არასოდეს!”