ქართველი მოჭიდავე გელა ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სომეხი სამველ
გრიგორიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე შვეიცარიელი რამონ ბეჩჰარტი და ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლოვი დაამარცხა, ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვთან დათმო.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია: ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო; ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე (77 კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) დაიკავეს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა: ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ვიცე-ჩემპიონი სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.
ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
