ფინანსთა სამინისტრო: „ბათუმელებს“ 282,000 ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას მედიაპლატფორმა „ბათუმელების“ საგადასახადო მდგომარეობის შესახებ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, „ბათუმელებს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარს შეადგენს.
უწყების განმარტებით, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, განხორციელდა კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცედურა რისკების შეფასების შესაბამის ინდიკატორებზე დაყრდნობით ხორციელდება და სისტემაში ინტეგრირებული მექანიზმის ნაწილია.
„შემოსავლების სამსახური გამოხატავს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მოხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და მიეცეს კომპანიას შესაძლებლობა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება,“ — აღნიშნულია განცხადებაში.