სრულად განახლდა ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის ინგლისურენოვანი კოლექცია. ჩატარდა 4,500 წიგნის ბარკოდიზაცია და მკითხველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
კოლექცია განახლდა ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო გამომცემლობა „ნოვას“, სმითსონიანის ინსტიტუტის წარმომადგენლობისა და ჩვენი ბიბლიოთეკის მეგობრის, პიტერ სკინერის დახმარებით. ასევე სრულიად განახლდა გაეროს კუთხე, სადაც განთავსებულია მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიის შესახებ უახლესი კვლევები.
ამჟამად კოლექციაშია პულიცერის პრემიის მფლობელ მწერალთა კოლექცია, მილენიუმის კლასიკური ლიტერატურის კოლექცია, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა, უახლესი საბავშვო ლიტერატურა და უახლესი სამეცნიერო კვლევები ეკონომიკის, მედიცინის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ისტორიის საკითხებზე. ეს ლიტერატურა, ჩვეულებრივ, გამოიცემა საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
აქვე დაგხვდებათ თბილისის ბიენალეს საჩუქარი, კერძოდ, ინგლისურენოვანი წიგნები არქიტექტურისა და ურბანიზაციის შესახებ. დარბაზშია უახლესი ილუსტრირებული ენციკლოპედიები ვირუსოლოგიის, ბიოლოგიის, გენეტიკის, გეოლოგიის, ბავშვთა აღზრდისა და ეკოლოგიის შესახებ.
მალე მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ამერიკელი ისტორიკოსის, პიტერ სკინერის საჩუქარი — ათასზე მეტი უცხოენოვანი გამოცემა კავკასიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ, რომელიც ქართველოლოგიის დარბაზში განთავსდება. მადლობას მოვახსენებთ ყველას, ვინც ამ კოლექციის განვითარებაში დაგვეხმარა.
ინგლისურენოვანი დარბაზი მკითხველებისთვის ღიაა ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.




