სპორტის მინისტრმა შერეული საბრძოლო ხელოვნებათა ეროვნულ ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შერეული საბრძოლო ხელოვნებათა ეროვნულ ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი.
სერბეთში IMMAF-ის ეგიდით 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. 18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი პირველმა (56,7 კგ), ვიცე-ჩემპიონი გახდა ოთარ ბერიძე (52,2 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ნინი ცქვიტარიამ (56,7 კგ) მოიპოვა. 16-წლამდელებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელენე გლურჯიძემ (48 კგ). კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა.
ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობენ იუნიორთა და სენიორთა ეროვნული ნაკრებებიც. ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
მიღწეული წარმატების აღსანიშნავად სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. სპორტის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად, ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატების მოპოვების შემდეგ საკუთარ სპორტულ ეკიპირებასა და ინვენტარს ავტოგრაფით გადასცემენ სპორტის მუზეუმს.
საქართველოს სპორტის სამინისტრო.




