სპორტის მინისტრმა დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ მრბოლელებს – დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს – „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა.
ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე” საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ასპარეზობენ. ვალენსიის ეტაპის მეორე რაუნდში დავით ქაჯაია „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებული გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი „მასტერთა თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა. დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი – „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის პირველ რაუნდში დავითმა „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა „მასტერთა თასზე“ მეორე ადგილი ერგო სანდროსაც.
შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ლომაძე და ვიცე-პრეზიდენტი გოგა გელაშვილი ესწრებოდნენ.
ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარის“ დარჩენილ ეტაპზეც მიიღებენ მონაწილეობას. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.




