საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას„მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) მეთორმეტედ მასპინძლობს
25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ჩატარდება მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025), რომელსაც საქართველო მეთორმეტედ უმასპინძლებს. სწავლება ტარდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება.
„მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025)-ის ფარგლებში დაგეგმილია:
- სამეთაურო-საშტაბო წვრთნები;
- ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკი-ვაზიანის მიმართულებით;
- საბრძოლო სროლებით გაძლიერებული კომბინირებული სწავლება;
- სპეციალური ოპერაციების ერთობლივი აქტივობები;
- საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია.
სწავლება ჩატარდება რამდენიმე ლოკაციაზე:
- ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (კრწანიში);
- ვაზიანის პოლიგონებზე და საბრძოლო მომზადების ცენტრში;
- ნორიოს საწვრთნელ არეალში;
- მუხროვანში;
- სენაკში – მე-2 ქვეით ბრიგადის ბაზაზე.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები. დამკვირვებლებად წარმოდგენილი იქნებიან სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
სწავლებისთვის საქართველოზე უკვე გადმოყვანილია ამერიკის არმიის საბრძოლო ტექნიკა და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH-60 „შავი ქორი“. ასევე ჩაერთვებიან თურქეთის შეიარაღებული ძალების შვეულმფრენები AS332 Puma.
სწავლების აქტიური ფაზა დაიწყება 21 ივლისს თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს დაგეგმილი ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით.
